გიო ჯინჭარაძე, ეკა ტაბლიაშვილი, ხატია ჩიტორელიძე, თათია ნადარეიშვილი
2022 წლის 1-ელ აპრილს 18:00 საათზე, მარჯანიშვილის 7-ში, თიბისის და საქართველოს მწერალთა სახლის ორგანიზებით გაიხსნა გამოფენა „წიქარა - მუზეუმი მუზეუმში“.
პროექტის იდეის ავტორები და კურატორები, ილუსტრატორები: გიო ჯინჭარაძე, ეკა ტაბლიაშვილი, ხატია ჩიტორელიძე და თათია ნადარეიშვილი იყვნენ.
ექსპოზიცია აერთიანებდა როგორც კურატორების, ისე თამარ ნადირაძის, ზურა მჭედლიშვილის, ვარლამ ჯმუხაძის, ირაკლი ჭუმბურიძის და ნატო ბაგრატიონის ნამუშევრებს.
„ მუზეუმის ავტორებმა ბიბლიოთეკებსა და არქივებში ზღაპრის სხვადასხვა ვერსია, სხვადასხვა ნაწილი მოიძიეს და გააერთიანეს. წიქარას მუზეუმი სინამდვილისა და გამოგონილის ნაზავია. ავტორებმა ზღაპრის გმირის ნივთებსაც მიაგნეს და მუზეუმში გამოფინეს. მუზეუმზე მუშაობა გამოძიებას ჰგავდა. ნივთები ნივთმტკიცებებია, იმის დასტურად, რომ ზღაპარი ოდესღაც მართლაც მოხდა. ჩვენამდე ბევრჯერ თქმულმა ამბავმა საიდუმლოს, განტოლების სახით მოაღწია. საიდუმლოს, რომელიც ყოველი მოყოლის დროს თავიდან უნდა ამოვხსნათ და პასუხი გავცეთ კითხვას - გვჯერა თუ არა? რისიც გვჯერა, თუ არ მომხდარა, აუცილებლად მოხდება.“ - მარიამ ნატროშვილი,
არტისტი.
გამოფენა პირველად, 2018 წლის ოქტომბერში, პროექტის „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა სტუმარი ქვეყანა - საქართველო“ კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკფურტში, შტრუველპეტერის მუზეუმში იქნა წარდგენილი. ის ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, შტრუველპეტერის მუზეუმის და თიბისის ხელშეწყობით განხორციელდა. მასზე სტუდია „ილუსტრატორი“ და „კონტაქტი“ მუშაობდნენ.