თიბისი კონცეპტის გალერეა | 2026 წლის 5 დეკემბერი – 2027 წლის 31 მარტი
გამოფენის გახსნა: 5 დეკემბერი: 17:00-20:00
გამოფენის კურატორები: ირინა პოპიაშვილი და მარიამ წიქარიძე
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ გამოფენას გაიცანით: თამუნა სირბილაძე, რომელიც დამთვალიერებლისთვის ღია იქნება 2026 წლის 5 დეკემბრიდან 2027 წლის 31 მარტამდე.
ეს არის თამუნა სირბილაძის (1971–2016) პირველი ინსტიტუციური პერსონალური გამოფენა საქართველოში. მიუხედავად საერთაშორისო აღიარებისა, ხელოვანის შემოქმედება ქართული საზოგადოების ფართო წრისთვის ნაკლებად ცნობილია. აღნიშნული გამოფენა სწორედ ამ ხარვეზის შევსებას და აუდიტორიისთვის ხელოვანის მრავალფეროვანი მემკვიდრეობის გაცნობას ისახავს მიზნად. თამუნა სირბილაძე აგრძელებს ქართველი ხელოვანების იმ ტრადიციას, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში და 1990-იან წლებში ევროპაში გაემგზავრნენ სწავლის გასაგრძელებლად და იქ ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად.
1989–1994 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლის შემდეგ, სირბილაძე ვენაში გადავიდა, სადაც სწავლა ფრანც გრაფის სახელოსნოში განაგრძო, მოგვიანებით კი ცოდნა ლონდონში, სლეიდის სახვითი ხელოვნების სკოლაში გაიღრმავა. 2002 წელს იგი დაქორწინდა ცნობილ ავსტრიელ ხელოვან ფრანც ვესტზე (1947–2012), რომელთან ერთადაც არაერთი გამორჩეული პროექტი შექმნა. თამუნა სირბილაძის ნამუშევრები მის სიცოცხლეშივე აქტიურად იფინებოდა ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკში. 2024 წელს ვენის „ბელვედერის მუზეუმში“ მოეწყო ხელოვანის მასშტაბური რეტროსპექტივა - Not Cool But Compelling.
თიბისი კონცეპტის გალერეაში გაერთიანებულია ვენაში და თბილისში, ხელოვანის ოჯახის კოლექციაში დაცული ნამუშევრები: ფერწერა, კოლაჟები, ობიექტები და ავეჯი, რომელიც თამუნა სირბილაძემ მეუღლესთან, ფრანც ვესტთან ერთად შექმნა.
გალერეის პირველ სართულზე ექსპოზიცია იმეორებს 2015 წელს ნიუ-იორკის Half Gallery-ში გამართული პერსონალური გამოფენის - Take it Easy-ს ფარგლებში, სირბილაძის მიერ ხელით შეღებილი კედლების მოხატულობას. სწორედ მის ფონზე წარადგინა ხელოვანმა საკუთარი ტილოები. ეს მისთვის დამახასიათებელი მიდგომა იყო - ნამუშევრის და სივრცის ერთ მთლიანობად ქცევა.
თამუნა სირბილაძის მხატვრული ენა აბსტრაქციის და ფიგურაციის ზღვარზე ვითარდება. მისი ფერწერა ექსპრესიულ ჟესტს, ხაზის თავისუფალ მოძრაობას და ტექსტის ვიზუალურ ჩართვას ეყრდნობა. ნამუშევრებში ცოცხლდება მოტივები, რომლებიც წლების განმავლობაში, სხვადასხვა მასშტაბში და მედიუმში მეორდება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის შემოქმედებითი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შექმნილი 40-მდე ნამუშევარი, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს თვალი ადევნოს მისი ინდივიდუალური სტილის და მხატვრული ძიებების განვითარებას.
კურატორის ასისტენტი: მარი მახარობლიშვილი
თამუნა სირბილაძის ოჯახის კოლექცია
თამუნა სირბილაძის ნამუშევრებს წარმოადგენს გალერეა LC Queisser.
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.
სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00 - 20:00
ნამუშევარი: თამუნა სირბილაძე, 25 July, 2012, აკრილი ტილოზე, 200 × 200 სმ.
© თამუნა სირბილაძის ოჯახის კოლექცია