globe-outlined
ქარ
მუქი თემა

გამოფენა: მთას ვიყავ | ანკა გუჯაბიძე

1110x400 (1)

თიბისი კონცეპტის გალერეა  წამოგიდგენთ ანკა გუჯაბიძის პერსონალურ გამოფენას მთას ვიყავ, გამოფენა ფესტივალ “ქოლგა თბილისი ფოტო 2026”- ის ფარგლებში ხორციელდება. 

“მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ,

თვალთ წინ მეფინა ქვეყანა,

გულზე მესვენა მზე-მთვარე,

ვლაპარაკობდი ღმერთთანა.

საკეთილდღეო ქვეყნისა

მედვა სულად და გულადა”...

ნაწყვეტი ვაჟა-ფშაველას ლექსიდან  “მთას ვიყავ”. 

“ცოტა რამ არის ცხოვრებაში, რაც მთებზე მეტად მიყვარს. 

მთამ გამზარდა, მასწავლა და თავისუფლების ჰაერიც ჩამბერა. ბავშობაში მთის წვერზე შემომდგარი სამყაროს გულში ვიდექი. გავყურებდი და მაჯადოებდა, როგორ ავარდისფრებდა ჰორიზონტზე შეფენილ მთებს ჩამავალი მზე. იქ ვიყავი ძლიერი, უტყუარი და სულის შეხუთვამდე ბედნიერი. ეს სიყვარული დღემდე მომდევს, მაცოცხლებს და მახსენებს საკრალულ შეგრძნებებს, რომლებიც მთების ფერდობებზეა შეფენილი.

ამ ფოტოების გადაღებამ კიდევ ერთხელ გამაცოცხლა, გამომაფხიზლა და სიცოცხლის წყურვილით ამავსო. ვიზირში ყურების დროს ვნებამ მომიცვა, და ჰიპნოზურ მდგომარეობაში გადასულს, კადრის თითოეული მილიმეტრი ფიზიკურ სიამოვნებას მანიჭებდა.

ეს ფოტოები ყაზბეგის ლანდშაფტებია, რომელიც იმედია, გაუძლებს ადამიანის ძალმომრეობას და ჰორიზონტივით მიუწვდომელ მომავალში ჩემს არსებობასა და შეგრძენებს შეინახავს.” 

— ანკა გუჯაბიძე 

ხმა: ნიკა ჯაფარიძე 

ანკა გუჯაბიძე ვიზუალური ხელოვანი და რეჟისორია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. ათ წელზე მეტია მუშაობს პროფესიონალ ფოტოგრაფად, ფოკუსით დოკუმენტურ, კონცეპტუალურ ფოტოგრაფიაზე, ხოლო ბოლო წლებში მისი პრაქტიკა კინემატოგრაფიასაც მოიცავს.

განათლება მიიღო ბელგიაში, გენტის სამეფო სახვითი ხელოვნების აკადემიაში (KASK), სადაც 2013 წელს დაასრულა ფოტოგრაფიის მაგისტრატურა. ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს ანიმაციაში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში.

მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო გამოფენებზე და გამოქვეყნებულია სხვადასხვა საერთაშორისო ანთოლოგიაში. 

მისმა პირველმა ფილმმა „Temo Re“-მ საერთაშორისო კინოფესტივალებზე მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა.

გუჯაბიძის ნამუშევრები სხვადასხვა მედიის გამოყენებით იკვლევს სოციალურ რეალობას, პირად გამოცდილებებსა და იდენტობის საკითხებს. მის პრაქტიკაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც ქალაქის, ისე ქვეყნის სოციალურ და ეკოლოგიურ გარემოს, ყოველდღიურ ცხოვრებასა და იმ უხილავ გამოცდილებებს, რომლებიც ადამიანების ყოფას და ურთიერთობებს აყალიბებს.

კურატორი მარიამ წიქარიძე 

კურატორის ასისტენტი: მარი მახარობლიშვილი 

გამოფენის მომზადებაში დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა სალომე ცაგარეიშვილს და  თათია ნაცვლიშვილს. 

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, მარჯანიშვილის 7. 

სამუშაო საათები: ორშაბათი- შაბათი, 10:00 - 20:00