თიბისი კონცეპტის გალერეა “ქოლგა თბილისი ფოტო 2026”- ის ფარგლებში წარმოგიდგენთ გამოფენას - “გურამ თიკანაძე - დამარცხებული გოლიათები”.
გამოფენაზე წარმოდგენილია გურამ თიკანაძის მთის ფოტოსერია, სადაც ადამიანი და ბუნება რთულ, ფაქიზ და მრავალშრიან ურთიერთობაში თანაარსებობენ.
თიკანაძის ფოტოგრაფიაში მთა ცოცხალი, ცვალებადი და ძლიერია. მისი დღიურები აღწერს გარემოს, სადაც მუდმივი მოძრაობა, სიფხიზლე და სიახლე გადარჩენის აუცილებელი პირობაა. ეს გამოცდილება პირდაპირ აისახება ფოტოგრაფიაში, სადაც თითოეული კადრი გადაღების მომენტში განცდილ გამოცდილებას ატარებს. თავის დღიურში, რომლის სათაურიც არის “დამარცხებული გოლიათები” თიკანაძე წერს:"წვეთის ენერგიას, ყინვის ძალას და კლდის სიმტკიცეს უბრალო თვალით კი არ ვუყურებთ, არამედ ვგრძნობთ, გვესმის მათი მოქმედება და, ალბათ, ესეც მიზეზია ჩვენი მთაში სიარულის... "
მის ნამუშევრებში ადამიანი როგორც მოქმედი ფიგურა, სივრცესთან ურთიერთობისას იძენს ფორმას. ის უზარმაზარ მთასთან ქმნის მასშტაბის მკაფიო კონტრასტს, რაც ერთდროულად აჩენს ადამიანის შესაძლებლობას და მის საზღვრებს.
“დამარცხებული გოლიათები” არ ნიშნავს ბუნების დამარცხებას, ალპინიზმი არ არის დაპყრობის აქტი, ნამუშევრები გადმოსცემს მდგომარეობას, რომელშიც ადამიანი მუდმივად ხვდება ძალას, რომელიც მას აღემატება და სწორედ ამ შეხვედრაში იძენს მნიშვნელობას მისი არსებობა. ეს არის პროცესი, რომელშიც ადამიანი ერგება ბუნების რიტმს. ამ კონტექსტში მთა და ალპინიზმი გარდაიქმნება ხელოვნებად - მოძრაობის, ბალანსის და რისკის ვიზუალურ ენად.
გურამ თიკანაძე (1932–1963) იყო ქართველი ფოტოგრაფი და ალპინისტი, რომლის შემოქმედება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართულ ხელოვნებაში.
გურამ თიკანაძე დაიბადა კვირიკეთში, სწავლობდა თბილისის პირველ საშუალო სკოლაში, უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე და მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში. 1959 წელს პროფესიონალური საქმიანობა დაიწყო ჟურნალ „დროშის“ ფოტოკორესპონდენტად. იმავე წელს ვენაში გურამ თიკანაძის მიერ ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალზე მიღებული ვერცხლის მედალი ფოტოსურათისთვის „ოლე, ოლე, მარტოხეო“ პირველი საერთაშორისო ჯილდო გახდა ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში. მისი ნამუშევრები ქვეყნდებოდა საერთაშორისო გამოცემებში.
1962 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფოტოსექციას.
პარალელურად, თიკანაძე აქტიურად იყო ჩართული ალპინიზმში. მან დალაშქრა კავკასიონისა და პამირის დაახლოებით ორმოცი მწვერვალი და მონაწილეობდა რთულ ექსპედიციებში, მათ შორის ტრავერსში, სადაც 16 მწვერვალიდან 14 დაიპყრო.
1963 წელს, შხარიდან დაშვებისას, გურამ თიკანაძე ტრაგიკულად დაიღუპა.
მისი შემოქმედება მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა ქართული ხელოვნების ისტორიაში , რომელიც მოიცავს მთებს, ალპინიზმს, პორტრეტს, ქალაქურ ცხოვრებას, სპორტს და ყოველდღიურობას.
თიკანაძემ შექმნა თავისუფალი ვიზუალური ენა, რომელიც სცდებოდა ეპოქის შეზღუდვებს და დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას.
გამოფენის კურატორი მარიამ წიქარიძე
კურატორის ასისტენტი: მარი მახარობლიშვილი
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, მარჯანიშვილის 7.
სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00 - 20:00
„ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს და გურამ თიკანაძის საარქივო ალბომს წარადგენს, ფოტოალბომის გამოცემის მხარდამჭერია თიბისი.