globe-outlined
EN
მუქი თემა

ნათელა გრიგალაშვილი - „საით მიფრინავ, ღრუბელო?“ ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ

natela-grigalashvili-3

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას „საით მიფრინავ, ღრუბელო?“ ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ.

Quote Symbol

საით მიფრინავ, ღრუბელო? ვინ იცის, იქნებ საქართველოს მთებს გადაუფრინო?!...

ფერეიდნელი დედის სიტყვები ცაზე ღრუბლების დანახვისას

ამ გამოფენის სახელწოდება ერთი შემთხვევითი, მაგრამ სიმბოლური საუბრიდან დაიბადა. ფერეიდანში მოგზაურობისას ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ნათელა გრიგალაშვილს თავისი დედის ეს სიტყვები გაუზიარა. თურმე ქალი ხშირად ახედავდა ხოლმე ცაზე ღრუბლებს და კითხულობდა, ნეტა ისინი იმ ჩემი შორეული სამშობლოსკენ ხომ არ მიფრინავენო. საქართველო თავად არასოდეს ენახა, მაგრამ მთელი სიცოცხლის მანძილზე მას გულით ატარებდა.

ამგვარი სევდა და მელანქოლია თან გასდევს ფერეიდნელი ქართველების მთელ ისტორიას, რომელიც XVII საუკუნის დასაწყისიდან, შაჰ-აბასის მიერ მათი იძულებითი გადასახლებიდან იწყება. მას შემდეგ, ოთხი საუკუნის განმავლობაში, ირანის გულში, ისპაანის პროვინციაში, მათ შეძლეს, შეენარჩუნებინათ ყველაზე მთავარი - საკუთარი იდენტობა და ძველებური ქართული მეტყველება, როგორც ერთგვარი ცოცხალი ენობრივი მუზეუმი.

ფერეიდნელი ქართველების თემა ნათელა გრიგალაშვილისთვის წლების განმავლობაში მნიშვნელოვან შემოქმედებით ინტერესს წარმოადგენდა, მაგრამ პროექტმა საბოლოო ფორმა მაშინ მიიღო, როდესაც მის ხელთ საუკუნის წინ გამოცემული წიგნი აღმოჩნდა. გამოფენის კონცეპტუალური ჩარჩო განსაზღვრა ლადო აღნიაშვილის 1894 წლის ჩანაწერებმა, პირველი ქართველისა, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ გაემგზავრა ირანში „დაკარგული“ ქართველების მოსაძებნად. ნათელა გრიგალაშვილის მოგზაურობა სწორედ აღნიაშვილის ნაკვალევზე სიარული აღმოჩნდა; არა პირდაპირი, ფიზიკური მარშრუტით, არამედ იმ ემოციური და კულტურული მეხსიერების ძიებით, რომელიც მკვლევარმა თავის დროზე აღწერა.

გამოფენაზე წარმოდგენილი სერია იმ იზოლირებულ კულტურულ კუნძულზე დაკვირვების მცდელობაა, სადაც ყოველდღიურობა სამშობლოს მუდმივ მონატრებასთანაა შერწყმული. წარსულისა და აწმყოს ეს გადაჯაჭვულობა საბოლოოდ დიალოგად იქცევა დროსა და სივრცეში - ლადო აღნიაშვილის მიერ საუკუნის წინ აღწერილსა და ნათელა გრიგალაშვილის თვალით დღეს დანახულ ფერეიდანს შორის.

ოცდაათ წელზე მეტია, რაც ნათელა გრიგალაშვილი დოკუმენტური ფოტოგრაფიის მიმართულებით მუშაობს. მისი ფოტოსერიების ძირითადი თემებია საქართველოს რეგიონების ყოველდღიური ცხოვრება, იზოლირებული თემების სოციალურ-კულტურული იდენტობა, კოლექტიური მეხსიერება და ის ცვლილებები, რომლებსაც თანამედროვეობა ამ გარემოში იწვევს. ნათელა გრიგალაშვილი ძირითადად გრძელვადიან პროექტებს ქმნის. ის თვეებსა და წლებს ატარებს იმ სივრცეში, რომელსაც იღებს და ადგილობრივ მოსახლეობასთან უშუალო, მუდმივი ურთიერთობის გზით აღწევს მათ ნდობას, რაც მის ფოტოებს განსაკუთრებული სიახლოვის განცდასა და ინტიმურობას ანიჭებს.

კურატორი - მირიამ გრიგალაშვილი

პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ წიქარიძე

საორგანიზაციო გუნდი: მარიამ ბოკერია, მარი მახარობლიშვილი

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, მარჯანიშვილის 7.

სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00 - 20:00