თიბისი კონცეპტის გალერეა თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრ “უბანთან” თანამშრომლობით, 24 აპრილის ჩათვლით, მასპინძლობს გამოფენას „თბილისი —ლანდშაფტის აღმოცენება“.
გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ, დაესწროთ „უბნის“ თანადამფუძნებლების, გამოფენის თანაკურატორის დავით ბროდსკის და მკვლევრის ნატა ტატუნაშვილის ტურებს.
დასწრების მსურველები, დარეგისტრირდით ბმულზე - https://www.conceptevents.ge/events
18 აპრილი, 16:00 საათი - დავით ბროდსკი
23 აპრილი, 19:00 საათი - ნატა ტატუნაშვილი
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7
*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტურებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ტურზე რეგისტრაციას, ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ.
არქიტექტორი და ხელოვანი დავით ბროდსკი (1985) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მან განათლება ვენეციის IUAV უნივერსიტეტში მიიღო. ბროდსკის მონაწილეობა მიღებული აქვს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებსა და სემინარებში. მისი არქიტექტურული პრაქტიკა საცხოვრებელი სახლების და ინტერიერების დაპროექტებასა და რეაბილიტაციას, მცირე მასშტაბის არქიტექტურულ ინსტალაციებსა და გამოფენის დიზაინის კეთებას მოიცავს. ბროდსკი თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრის „უბნის“ თანადამფუძნებელი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.
არქიტექტორი, დიზაინერი, კურატორი და მკვლევარი ნატა ტატუნაშვილი თბილისსა და პარიზში მოღვაწეობს. ის თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრის „უბნის“, მულტიდისციპლინური არქიტექტურული ბიუროს NWDS-ის და დამოუკიდებელი კულტურული ინიციატივის Aea-ს თანადამფუძნებელია, რომელიც აერთიანებს 60-ზე მეტ ქალს ცხრა ქვეყნიდან. მას აქვს 20+ წლიანი გამოცდილება არქიტექტურული პროექტების მიმართულებით, მათ შორისაა სასტუმროების, საცხოვრებელი სახლებისა და კულტურული დანიშნულების ინიციატივები.
_____
გამოფენა „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“ ქალაქის გეოლოგიის სიღრმისეულ და კრიტიკულ რეპრეზენტაციას სამგანზომილებიანი ხელნაკეთი მოდელების საშუალებით ახდენს.
გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა, გასულ წელს „უბნის“ ორგანიზებით და იტალიელი არქიტექტორის და თეორეტიკოსის რენატო რიცის ხელმძღვანელობით ჩატარებული სემინარის დროს შექმნილ, ხელნაკეთ ნამუშევრებს - თბილისის ორთოგონალური მოდელი და მეტეხის კლდის მოდელი გაზრდილი სიმაღლეებით, სილიკონის ნეგატივები, ფოტოები და ორი პანელი, რომელთაგან ერთზე თბილისის იზომეტრიული გამოსახულებები, მეორეზე კი – ნინო ხარატიშვილის წიგნის L‘Ottava Vita (per Brilka)-ს ფრაგმენტებია ნაჩვენები. პანელების ამგვარი დაწყვილება პროექტის გამაერთიანებელ თემას - ერთი და იმავე ისტორიული და გეოლოგიური ლანდშაფტიდან აღმოცენებულ არქიტექტურასა და ლიტერატურას შორის არსებულ დიალოგს უკავშირდება.
ლანდშაფტის მოდელების შექმნის სემინარი 2025 წლის სექტემბერში თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრის „უბანი“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. სემინარს რენატო რიცისთან ერთად მისი ასისტენტები – სუზანა პიშიელა, ჯორჯია ანტონიოლი და დავით ბროდსკი ხელმძღვანელობდნენ, სადაც ასამდე ადგილობრივმა თუ უცხოელმა სტუდენტმა და ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო მონაწილეობა.
თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მისიაა თავი მოუყაროს და წარადგინოს ცოდნა თბილისის ლანდშაფტის, არქიტექტურისა და ურბანული გარემოს შესახებ.
რენატო რიცი იტალიელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი, ვენეციის IUAV უნივერსიტეტში არქიტექტურული დიზაინის სრული პროფესორი და რომის წმინდა ლუკას ეროვნული აკადემიის წევრია. 2018 წელს მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის საპატიო ჯილდო.
გამოფენის პარტნიორები არიან: იტალიის საელჩო საქართველოში, კინოს სახლი, გრავიტა, იბის ბაჯეთ თბილისის ცენტრი, ვენეციის IUAV უნივერსიტეტი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა.
განსაკუთრებული მადლობა Marsilio Editori-ს (იტალიური გამომცემლობა), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლას, ჯესი ვოგლერსა და მალხაზ ლეკვეიშვილს.
გამოფენის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ “უბნის” გვერდს - https://ubani.center/
ან გაეცანით თიბისი კონცეპტის გვერდზე - https://tbcconcept.ge/.../4fMiiQcYT23U.../tbilisi-risingland