<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" onload="this.media='all'"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
  • Home chevron-right-outlined
  • Events chevron-right-outlined
  • გამოფენა: ირინა ჯიბუტი | მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდეchevron-right-outlined

გამოფენა: ირინა ჯიბუტი | მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე

web-1110x400

ირინა ჯიბუტი

მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე

9 ოქტომბერი - 14 ნოემბერი, 2026 გამოფენის გახსნა: 9 ოქტომბერი, 18:00 - 20:00

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პირველ პერსონალურ გამოფენას მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე.  

გამოფენის საწყისი წერტილი მიწაა არა როგორც ნეიტრალური ნედლეული, არამედ როგორც კონკრეტული ადგილის მატერია, რომელსაც საკუთარი შემადგენლობა, ფერი, თვისებები და ისტორია აქვს.

გამოფენის საფუძველია კვლევა საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებულ ბუნებრივ თიხებზე. ამ პროცესში მიწა ერთდროულად ხდება კვლევის საგანი და მხატვრული მასალა. მისი მოპოვება, დამუშავება, გამოცდა, ფორმირება და გამოწვა თანდათან აჩენს ურთიერთობას ადგილს, მასალასა და ადამიანის მოქმედებას შორის.

თიბისი კონცეპტის გალერეის ორივე სართული ამ პროცესის განსხვავებულ მდგომარეობებს ეძღვნება. პირველ სართულზე წარმოდგენილია მასშტაბური ნამუშევრები - ვერტიკალური კერამიკული სხეულები, კედლის კომპოზიცია და „მდინარე “, სადაც ერთი და იგივე მასალა სხვადასხვა მდგომარეობაში ჩნდება: ფორმირებული, გარდაქმნილი და კვლავ ცვლილებისთვის ღია.

ვერტიკალური ფორმები ჭურჭლის ერთ-ერთ უძველეს არქეტიპს ეყრდნობა, თუმცა აქ ფუნქციურ დანიშნულებას კარგავს და ადამიანის შრომის, დროისა და უწყვეტობის ნიშნად იქცევა. კედლის კომპოზიციაში სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები ერთსა და იმავე გეომეტრიულ ფორმაში ერთიანდება, თუმცა თითოეული მათგანი საკუთარ ბუნებას ინარჩუნებს - სხვადასხვაგვარად იკუმშება, სკდება, დეფორმირდება და იცვლის ფერს, თითქოს თითოეული ნიმუში საკუთარ გეოლოგიურ ისტორიას ინახავს. „მდინარე “კი წყალს მოქმედ ძალად წარმოგვიდგენს - ელემენტად, რომელიც მიწას არბილებს, გადააქვს, გარდაქმნის და მისი მუდმივი მოძრაობით სიმყარესა და ცვლილებას შორის დიალოგს ქმნის.

მეორე სართულის გალერეა კვლევის ლაბორატორიას ეთმობა - არა დასრულებული კვლევის არქივს, არამედ მიმდინარე პროცესს. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები, მინერალები და ქვები, მათი წარმოშობის რუკები, ტესტ-ფილები, სხვადასხვა ტემპერატურაზე გამომწვარი ნიმუშები, მოჭიქურების ცდები, მცირე ფორმები და პროცესის ჩანაწერები. ეს არის სივრცე, სადაც მასალა ჯერ კიდევ ცდისა და დაკვირვების გზით ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს.

მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე აკვირდება ციკლს, რომელშიც მიწა მასალად იქცევა, მასალა - ფორმად, ფორმა - ცეცხლით გარდაქმნილ სხეულად, და მაინც რჩება იმ დიდი ბუნებრივი მთლიანობის ნაწილად, სადაც წყალი, ცეცხლი, დრო და ადამიანის ხელი მხოლოდ დროებით ცვლიან მის სახეს.

ირინა ჯიბუტი კერამიკოსი,  მკვლევარი და პედაგოგია. მისი პრაქტიკა ეფუძნება თიხის, როგორც ცოცხალი მასალის, მისი ფიზიკური, ვიზუალური და კულტურული თვისებების კვლევას. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე საველე მუშაობის ფარგლებში იგი იძიებს ბუნებრივ თიხებს, სწავლობს ადგილობრივ მასალებს და აგროვებს ტრადიციულ მეთუნეობასთან დაკავშირებულ ცოდნასა და პრაქტიკებს.მისი პრაქტიკა ასევე მოიცავს როგორც ფუნქციურ კერამიკას, ისე სკულპტურულ ობიექტებსა და ინსტალაციებს.

ირინამ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კერამიკის მიმართულებით მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები (2003–2010). 

2026 წელს ირინამ დააარსა გრძელვადიანი კვლევითი პლატფორმა- Commonland. რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თიხის რესურსების შესწავლას და კერამიკული მასალების განვითარების გზების გადააზრებას.

ბოლოდროინდელი გამორჩეული ნამუშევრები: ნედლი თიხის ინსტალაცია „სვეტი“, 2025; თიხის ლენდ-არტ ინსტალაცია „სპირალი“, 2018, თუშეთი; გამოფენა „ზედაპირი“ - კერამიკისა და ნედლი თიხის სამი ინსტალაციისგან შემდგარი პროექტი, 2012, CCA-Tbilisi. კურატორი მარიამ წიქარიძე კურატორის ასისტენტი მარი მახარობლიშვილი მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7. სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00 - 20:00